მარხვა
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისგან“.6
მარხვა წელიწადში ერთი თვეა, იგი იწყება მთვარის კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეს, რამადნის მთვარეში. ამ დროს მუსლიმი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის, მეორე გარიჟრაჟიდან დაღამებამდე, ე.ი. დღის მონაკვეთში ჭამა-სმისა და მეუღლესთან თანაცხოვრობისგან თავს იკავებს. მარხვა ლოცვის, ზექათისა და ჰაჯობის მსგავსად, ერთ-ერთი აუცილებელი ღვთისმსახურებაა.
ისლამის მიხედვით, ზრდასრულ და გონიერ მორწმუნეთაგან, რომელნიც იხილავენ რამადნის მთვარეს, მათთვის მარხვა აუცილებელია. ავადმყოფებს, მგზავრებს, ორსულებს და მეძუძურ ქალბატონებს, უფლება ეძლევათ მარხვა არ შეასრულონ და გაცდენილი დღეები სხვა დროს აანაზღაურონ. მიუხედავად ასაკისა, ადამიანი, რომელიც განუკურნებელი სენითაა დაავადებული, ან კიდევ იმდენად მოხუცია, რომ მარხვის ძალა არ შესწევს, გამოსასყიდის სახით, „ფიდიე“ უნდა გადაიხადოს. ასეთმა ადამიანებმა, ყოველი შეუსრულებელი მარხვის დღის სანაცვლოდ, დილასა და საღამოს ერთი უპოვარი უნდა დააპურონ. ასევე, დაშვებულია ფულის გაცემაც, რომელიც დადგენილი, ერთი ფითრის მიხედვით, განისაზღვრება. ხოლო, ვისაც ამის შესაძლებლობა არ გააჩნია, ალლაჰს ვედრება უნდა აღუვლინოს და პატიება შესთხოვოს. „ფიდიე“ გაჭირვებულებზე დახმარების ერთგვარი საშუალებაა, მარხვა კი - იმაზე ძვირფასი ღვთისმსახურება, ვიდრე ქონება.
ისლამი, რამაზნის თვის სავალდებულო მარხვის გარდა, მუჰარრემის (აშურა), შაღბანის, რეჯების, შევვალის თვეების - ექვსი დღის, მთვარის თვეებიდან - „ეიი’ამი ბი’იზის“ სახელწოდების მქონე თვის მეცამმეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და ზილჰიჯჯეს თვის მეცხრე დღის მარხვას, განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მარხვისთვის ორშაბათ და ხუთშაბათ დღეებს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებდა. ზოგჯერ ერთი თვის - პარასკევ, კვირას და ორშაბათს, მეორე თვის - სამშაბათ, ოთხშაბათ და ხუთშაბათ დღეებში მარხულობდა.
ასევე, არსებობს მარხვისთვის აკრძალული დღეები. რამადან ბაირამის პირველი დღე და ყურბან ბაირამის ოთხი დღე - მარხვა მექრუჰია. მხოლოდ აშურა დღეს - მარხვაც მექრუჰია. ასევე, ზოგიერთების აზრით, მხოლოდ პარასკევ დღეს მარხვაც მექრუჰია.
მუსლიმის მარხვა მხოლოდ ჭამა-სმის შეწყვეტით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მარხულმა მორწმუნემ ცუდი სიტყვების თქმას, ყოველგვარ კამათსა და აყალმაყალს თავი უნდა აარიდოს. მან ან სასიკეთო რამეები უნდა ილაპარაკოს ან გაჩუმდეს. მორწმუნემ მარხვა სხეულის თითოეული ნაწილით უნდა შეასრულოს და ყოველგვარი აკრძალულისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს.
მარხვა მხოლოდ შიმშილი არ არის, მან მორწმუნეს სარგებელი უნდა მოუტანოს. რადგან ის ადამიანს სულიერად წმენდს და ზნეობას უმაღლებს, შებრალებისა და დახმარების გრძნობას უღვივებს, მადლიერების გამოხატვას, მოთმინებას და ეშმაკისეული ვნებების გაკონტროლებას ასწავლის. მოკლედ რომ ვთქვათ, მორწმუნე, რომელიც მარხვის მნიშვნელობას აცნობიერებს, მომთმენი ხელგაშლილი და ღმერთის მადლიერი უნდა იყოს.
6 სურა ბაყარა 2/183