განგებისა და ბედისწერის რწმენა

„უეჭველად, ჩვენ ყველაფერი გავაჩინეთ თანაზომიერებით“.14

ყველაფრის ბატონ-პატრონმა უზენაესმა ალლჰამა, სამყაროში რაც მოხდა და რაც მომავალში უნდა მოხდეს - ყველაფერი მიზეზისა და შედეგის კავშირის მიხედვით გააჩინა. ამგვარად, ადამიანი, რომელსაც სწავლისა და აღქმის უდიდესი ძალა შესწევს, მისი გაჩენის მიზეზსა და ჭეშმარიტებას უფრო მარტივად გააანალიზებს, ვინაიდან ადამიანი, რომელიც სამყაროს კარგად დააკვირდება, მიხვდება, რომ სამყაროში ქაოსი არ არსებობს და ყველაფერი თანაზომიერებით არის გაჩენილი. ეს ვითარება კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ყველაფერს უზენაესი გამჩენი ჰყავს.

განგებისა და ბედისწერის რწმენა, ისლამის ექვს პირობათაგან – ერთ-ერთია. მუსლიმი ვალდებულია მთელი გულით ირწმუნოს, რომ მთელ სამყაროში კარგი - ცუდი, მართებული-მცდარი, სულიერი-უსულო, შედეგიანი-უშედეგო რაც არი და რაც ხდება, მცირე დეტალის ჩათვლით, ყველაფერი ალლაჰმა უწყის, მისი ნება სურვილის გარეშე, ხიდან ფოთოლიც კი ვერ ჩამოვარდება, ყველაფრის გამჩენი და ბატონ-პატრონი მხოლოდ ის არის.

ცხოვრებაში არსებობს მოვლენები, რომლებიც ადამიანის ძალებს აღემატება და რომელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია. მაგალითად, პლანეტების მოძრაობების, სულიერი არსებების გამრავლების სისტემის, ბუნებრივი მოვლენების, მეხის ჩამოვარდნისა და მიწისძვრის მსგავსი ვითარებების გაკონტროლების ძალა არავის შესწევს. მსგავსად ამისა, ადამიანს ამქვეყნად მოვლენამდე, შანსი არ აქვს თავად აირჩიოს: სქესი, კანის ფერი, რასა, წარმომავლობა და სხვა. ამ ყველაფერს უზენაესი ალლაჰი განსაზღვრავს, რომელსაც „ბედისწერა“ ჰქვია.

მეორე მხრივ, არსებულ ზოგიერთ კარგ და ცუდ მოვლენებში, ადამიანის ხელიც ურევია. ყველაფრის ბატონ-პატრონ ალლაჰს, ადამიანისთვის არჩევანის უფლება მიუცია. მაგალითად, სიკეთის კეთება და ცოდვის ჩადენა ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ადამიანი ან სიკეთის კეთებას ირჩევს ან კიდევ ბოროტების. ასეთ სიტუაციებში, ალლაჰი ადამიანს იმ მდგომარეობას დაუდგენს, რომელსაც ის აირჩევს. აქედან გამომდინარე, ადამიანის მიერ მიღებული ზომები და გადაწყვეტილებებიც ბედისწერის შემადგენელი ნაწილია. ყველაფერს წინასწარ ქმნის და განსაზღვრავს ალლაჰი. ადამიანის სურვილი და არჩევანიც მისი ქმნილებაა. ამასთან, ალლაჰმა ადამიანს არჩევანის თავისუფლება მისცა, გააკეთოს თუ არა რაიმე ქმედება. თუ ადამიანი სიკეთეს აირჩევს და მის გასაკეთებლად ქმედებას არ დაიშურებს, მაშინ ალლაჰის ნებით, სიკეთე მოხდება. თუ კაცი ცუდს აირჩევს და ცუდის კეთებას შეეცდება, ალლაჰის ნებით, ცუდი რამ მოხდება.

აქედან ცხადი ხდება, რომ სიკეთეც და ბოროტებაც ალლაჰის შექმნილია.

ალლაჰმა თავისი მარადიული ცოდნით წინასწარ განუსაზღვრა თუ რა მოელით და რას მოიმოქმედებენ მისი გაჩენილები.

წინასწარ განსაზღვრა – ალლაჰისგანაა, არჩევანი და ქმედება კი ადამიანებზეა დამოკიდებული. ეს ორი პროცესი განუყოფელია.

წინასწარ განსაზღვრა ყოველივე იმისა, რაც სამყაროში ხდება, ყოველი მოვლენა, მათი დრო, ადგილი და თვისებები ალლაჰის მიერ, თავისი მარადიული ცოდნით. წინასწარ განსაზღვრულია, თუმცა ეს ყველაფერი ადამიანის რომელიმე ქმედებისკენ იძულებას არ ნიშნავს. მაგალითად, ადამიანი რომელიც ქურდობას ჩადის, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ალლაჰმა ეს თავისი მარადიული ცოდნით წინასწარ იცოდა, არამედ მას წინ ორი არჩევანი ჰქონდა. მან კი, კარგის მაგივრად, საკუთარი ნება-სურვილით ცუდი ანუ ქურდობა აირჩია, აქედან გამომდინარე, საკუთარი ნებით გაკეთებული ცუდი ქმედებისთვის მას პასუხი მოეთხოვება. მოკლედ რომ ვთქვათ, იმის გამო, რომ ალლაჰმა, თავისი მარადიული ცოდნით, წინასწარ უწყის და წინასწარ განსაზღვრული აქვს ყველაფერი, გაკეთებული ცუდი ქმედებისთვის ადამიანს პასუხისმგებლობა არ მოეხსნება.

სინამდვილეში ამქვეყნიური ბედნიერებაცა და უბედურებაც, იმქვეყნიური სასჯელიცა და ჯილდოც, ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. აუცილებელია ადამიანმა თავისი არჩევანი დადებითად გამოიყენოს, რადგან ყველა ადამიანი საკუთარ ქმედებებზე აგებს პასუხს. ავი საქმეების ბედისწერასა და განგებაზე მიწერით ვერავინ გადარჩება.

ადამიანმა, რომელსაც ბედისწერის სწამს, უნდა აღიაროს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში საბოლოო გადაწყვეტილება ალლაჰს ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ერთი რამ კარგად დაიხსომეთ: ყველა ადამიანი რომ შენზე სარგებლის მოცემისთვის შეიკრიბოს, ალლაჰის ნების გარეშე, ვერანაირ სარგებელს ვერ მოგცემენ. ასევე, ყველა ადამიანი რომ შენ წინააღმდეგ განეწყოს, ალლაჰის ნების გარეშე, ვერანაირ ზიანს ვერ მოგაყენებს. ამ საკითხების დასაწერად არც კალმები არსებობს და არც ფურცლები“.15

მაგალითად, მორწმუნემ, რომელსაც ბედისწერის სწამს, იცის, რომ წვიმის გარდმოვლენა გარკვეული ფიზიკური მოვლენების შედეგად ხდება. თუმცა მორწმუნე წვიმას მხოლოდ ბუნებრივ მოვლენად არ აღიქვამს, ვინაიდან, მან კარგად იცის, რომ სინამდვილეში წვიმის გარდმოვლენა, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. უეჭველად, საბოლოო გადაწყვეტილება, ბრძანება, ნება-სურვილი და არაფრისგან რაღაცის გაჩენა, მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.

ისლამის რელიგიაში, ძალისხმევის გარეშე წარმატების მიღწევა, ხელებდაკრეფილი ჯდომა და ალლაჰისგან რაღაცის მოლოდინი, ბედისწერის არასწორ აღქმასთან არის ასოცირებული. მუსლიმი, რომელსაც ბედისწერის სჯერა, მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს. რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას მოთმინებას, გამჭრიახობასა და გამბედაობას გამოიჩენს. მუსლიმმა ამა თუ იმ სასიკეთო საქმის გაკეთებისთვის, მთელი ძალისხმევა უნდა გამოიყენოს, შემდეგ კი ალლაჰს უნდა მიენდოს და საბოლოო შედეგს მისგან უნდა დაელოდოს.


14 სურა ყემერი, 54/49

15 თირმიზი, სიფათულ-ყიამე, 59

13