ზექათი და სადაყა

„უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს კეთილი საქმენი, დადგნენ ლოცვად და გაიღეს ზექათი, მათთვის საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, და არცა შიში ექნეთ და არცა დამწუხრდნენ ისინი.“7

მოწყალება, უპოვრებზე ხელის გაწოდება და გაჭირვებული ფენის სოციალურად გაძლიერება, კარგი ზნეობის ერთგვარი გამოხატულებაა. ისლამის ხუთი ძირითადი საფუძვლიდან ერთ-ერთი - ზექათია. პმუსლიმი, რომელიც რელიგიის ნორმების შესაბამისად, მდიდრად ითვლება, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით, წელიწადში ერთხელ თავისი ქონებიდან ან ფულიდან, გაჭირვებულებსა და უპოვრებს უნდა გასცეს.

ყურანისა და ჰადისების მიერ განსაზღვრულია ის, თუ რა სახის ქონება ექვემდებარება ზექათს და რა სახის ქონება არა. პირველ რიგში, ქონება, რომელიც სავალდებულო მოწყალებას ანუ ზექათს ექვემდებარება, მატებადი უნდა იყოს, როგორიცაა: ოქრო-ვერცხლი, სავაჭრო საქონელი, შინაური პირუტყვები და სხვა.

ზექათის გაცემით ქონება კი არ მოიკლებს, პირიქით, განიწმინდება, გასუფთავდება მოიმატებს და უფრო ნაყოფიერი გახდება. ზექათის გამცემი მორწმუნე სამაგიეროს იმქვეყნად მიიღებს. ყურანში, მორწმუნეთა თვისებების ჩამონათვალში, მლოცველთა შემდეგ ზექათის გამღებნი არიან მოხსენიებული. ამ აიათებში იმ მორწმუნის მოდელზეა საუბარი, რომელიც საკუთარი სხეულითა და ქონებით ასრულებს ალლაჰის ბრძანებებს და ამგვარად, ღმერთის კმაყოფილების მოიპოვებას ცდილობს.

ისლამის მიხედვით, მდიდარს თუ ღარიბს შეუძლია „სადაყა“ გასცეს და თავისი კეთილშობილური ქმედებით, სხვებს ბედნიერება მოუტანოს. „სადაყას“ არც კონკრეტული დრო გააჩნია, არც კონკრეტული წესი და არც კონკრეტული რაოდენობა. ვინაიდან, მორალური და სოციალური კუთხით გაკეთებული ყოველი სიქველე - „სადაყაა“. მოწყალება - ღმერთის მიერ ბოძებული დოვლათის გაჭირვებულებზე გაცემაა.

მუსლიმის ყოველი ნამოქმედარი ღვთისმსახურების არეალში უნდა შედიოდეს. აქედან გამომდინარე, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს, რომ გზიდან ხელის შემშლელი საგნების აღება, ტრანსპორტში ასვლა-დაჯდომისას ვინმეზე მიხმარება, მეჩეთში ლოცვისთვის მიმავალ გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი და ყოველი ტკბილი სიტყვა, ერთგვარი მოწყალებაა. ასევე, მოწყალებად ითვლება: უპოვრის დაპურება, მამის მიერ ოჯახში სურსათის მიტანა და დედის მიერ ამ სურსათით საჭმლის მომზადება, ადამიანებზე მომღიმარი სახით შეხედვა, სიკეთისკენ მოწოდება და ბოროტების აკრძალვა, გზააბნეულსა და უცხოზე გზის მისწავლება, მევალისთვის, რომელსაც ვალის გადახდა უჭირს, ვალის გადავადება, ცოდნის მიღება და სხვებზე გადაცემა, ცხოველებისა და ფრინველების მიმართ ლმობიერებისა და სიბრალულის გამოჩენა. მოკლედ რომ ვთქვათ, ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით, გაკეთებული ყოველი სიკეთე, მოწყალებად ითვლება.

უზენაესი ალლაჰი მორწმუნესაც და ურწმუნოსაც ქონებას აძლევს. თუმცა ვისაც ქონება ებოძა, იმას არ ნიშნავს, რომ ის ვინმეზე მაღლა დგას. ადამიანი ნამდვილად მაშინაა მდიდარი და მისი ქონებაც მაშინაა ფასეული, როცა მოწყალე და მწყალობელი ღმერთის მიმართ მადლიერებას, სხვებზე დახმარებით გამოხატავს. მთავარი ის არის, რომ მათ, რომელთაც ებოძათ ქონება, კარგად გააანალიზონ, რომ ყოველგვარი სიმდიდრისა და ქონების ნამდვილი ბატონ-პატრონი უზენაესი ალლაჰია. მუსლიმმა მოწყალება, საკუთარი ნებით, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით უნდა გასცეს. ასევე მუსლიმი, რომელიც ღვთისმსახურების მიზნით, მოწყალებას გაიღებს, ქონების ნაწილს ღატაკებს გაუყოფს და საკუთარი ოჯახისთვისაც სასარგებლო საქმეებს გააკეთებს, ის ერთგული, კარგი ზრახვების მქონე, ქველმოქმედი, კეთილშობილი და ალლაჰის მორჩილი პიროვნებაა. მორწმუნის მიერ ალალი გზით ქონების მოპოვება და შეგროვება, ცუდი ქმედება არ არის. პირიქით, კარგია. აქ მთავარია ქონების მოგროვების შემდეგ, ის სიძუნწემ და ამქვეყნიურმა ვნებებმა არ დაიმონოს.

ზექათი და სადაყა დაყვედრებით არ უნდა იქნას გაცემული. ამ დროს მორწმუნემ მოკრძალება და თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს. გაცემული მოწყალების აფიშირება ყოვლად მიუღებელია.

მორწმუნე, რომელიც ქონებას ფლობს, პირველ რიგში, მის ხელთ არსებული ქონებით გამოიცდება. ამიტომ მან საკუთარი ვნებები კარგად უნდა გააკონტროლოს და გაჭირვებულები არ უნდა დაივიწყოს. სიძუნწის გასაღები გაჭირვებულებზე დახმარებაა. ამოტომ, მორწმუნე ხელგაშლილი უნდა იყოს.

ამქვეყნიური ყოველგვარი სახის ქონება წარმავალია, მხოლოდ იმქვეყნიური ცხოვრებაა მარადიული. მარადიული სამოთხის მოპოვების ერთადერთი გზა, მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენა და გულრწფელი ღვთისმსახურებაა. სინამდვილეში მდიდარი ის მუსლიმია, რომლის ყოევლი ქმედებაც ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებასთან არის დაკავშირებული.


7 სურა ბაყარა, 2/277

20