ისლამი, მშვიდობისა და ბედნიერების რელიგიაა

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით სრულად მორჩილებაში (ისლამი)“.5

ისლამი - „სელ’ამ“ - მშვიდობას, კეთილდღეობასა და მორჩილებას ნიშნავს. ამავდროულად „ეს-სელამ“ - ალლაჰის დიად თვისებებთაგან ერთ-ერთია, რომელიც, მშვიდობისა და ბედნიერების წყაროს და მორწმუნეთათვის სამოთხის მიმნიჭებელს ნიშნავს. ხოლო, მუსლიმი ჰქვია იმ ადამიანს, რომელიც ისლამის რელიგიას და მის პრინციპებს აღიარებს და ამგვარად მშვიდობასა და კეთილდღეობას ირჩევს. ასევე, სიტყვა რწმენაც, სანდოდ ყოფნასა და შიშისგან (გრძნობისგან) თავის დაღწევას ნიშნავს. ვინაიდან, უზენაესი ალლაჰის მორწმუნე პიროვნება, მხოლოდ ალლაჰს მიენდობა და ამგვარად ყოველგვარ შიშის გრძნობას გადალახავს. აქედან გამომდინარე, ისლამის ტერორიზმთან, ომთან და ქაოსთან ასოცირება, სრულიად მიუღებელია. ვინაიდან ტერორიზმი, ომი და ქაოსი სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმ დებულებებსა და პრინციპებთან, რომლებზეც ისლამის რელიგიაა დაფუძნებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ისლამი და ტერორიზმი – ორი, ურთიერთსაპირისპირო ცნებაა.

ისლამის მიზანი ის არის, რომ დედამიწაზე მცხოვრებმა ადამიანებმა მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ და მათ გამჩენ ალლაჰს ემსახურონ. ალლაჰმა ადამიანს გონება უწყალობა, რათა სიკეთე და ბოროტება ერთიმეორისგან გაერჩია და ომის მაგივრად, მშვიდობა და შერიგება აერჩია.

ალლაჰმა ადამიანს გონება მიჰმადლა და ამქვეყნად ხალიფად დაადგინა. მას კარგისა და ცუდის აღქმის უნარი უწყალობა. როდესაც კაცობრიობა ჭეშმარიტ გზას ასცდა და სამყარო უვიცობამ მოიცვა, ალლაჰმა ამქვეყნიური და იმქვეყნიური ბედნიერებისთვის, კაცობრიობას ძვირფასი მუჰამმედი (ს.ა.ს.) შუამავლად დაუდგინა და მას წმინდა ყურანი გარდმოუგზავნა. შემდეგ კი, ამქვეყნიური და იმქვეყნიური ბედნიერების მოპოვებისთვის, კაცობრიობას მისი და მისი შუამავლის (ს.ა.ს.) მორჩილება უბრძანა. უეჭველად, ვინც ჰმორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს (ს.ა.ს.), მისი სამუდამო სამყოფელი სამოთხე იქნება.

იქიდან დაწყებული, რაც პირველი ადამიანისა და ამავდროულად პირველი შუამავლის (ადამი) (ა.ი.მ.კ.) შვილებმა პირველი უკეთურება ჩაიდინეს, დღემდე უამრავ უსამართლობას, უკეთურებას, ბოროტებას და სატანიზმს აქვს ადგილი, ვინაიდან, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი უსამართლოდ იღუპება. ქონების, ტერიტორიებისა და ძალაუფლების გულისთვის, კაცობრიობა ერთმანეთს ებრძვის. თუმცა, უზენაესმა ალლაჰმა ისტორიის განმავლობაში მათ შუამავლები და ღვთიური წიგნები გამოუგზავნა და მშვიდობისკენ მოუწოდა. მან დედამიწაზე ბოლო შუამავლად მშვიდობისა და სიკეთის მქადაგებელი - მუჰამმედი (ს.ა.ს.) დაადგინა.

მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.), თავისი შუამავლური მისიის განმავლობაში, ხალხს მშვიდობისკენ მოუწოდებდა. მათ რჩევა-დარიგებებს აძლევდა, რათა ლმობიერი და შემწნარებელი ყოფილიყვნენ. თავადაც ყოველთვის მშვიდობის მომხრე იყო. მისთვის ომი არჩევანი არასდროს ყოფილა. მხოლოდ მაშინ იბრძოდა, როდესაც უსამართლობასა და მჩაგვრელობას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ ყურანი ასე გადმოგვცემს: „არ გიკრძალავს თქვენ ალლაჰი იმათ მიმართ, რომელნიც არ შეგებრძოლებიან რწმენის თაობაზე და არ გაუძევებიხართ საკუთარი სახლებიდან, რომ უქმნათ სიკეთე და მოეპყროთ სამართლიანად. უეჭველად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები“.6

ჰადისების თანახმად, შუამავალი (ს.ა.ს.) ადამიანებს ძმობისკენ, შემრიგებლობისკენ, მშვიდობის დაცვისკენ, სიკეთისკენ და ერთგულებისკენ მოუწოდებს. როგორც მოგეხსენებათ, წარმართებმა შუამავალი (ს.ა.ს.) მექადან განდევნეს, თუმცა, როდესაც მან მექაში დაბრუნება მოახერხა, მათზე შურისძიება არც კი უფიქრია.

ისლამი, განსხვავბეული რელიგიის, რასისა და წარმომავლობის ხალხებთან ერთად ცხოვრებას არ კრძალავს. ვინაიდან, ისლამის მთავარი მიზანი - მშვიდობა და სამართლიანობაა. მთავარია, ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთს და მათი რელიგიური თუ სხვადასხვა უფლებების შელახვა არ ხორციელდებოდეს. ისტორიაში მრავალი მაგალითი არსებობს იმისა, სადაც კარგადაა აღწერილი, თუ ერთ გარემოში როგორ მშვიდობიანად ცხოვრობდა, სხვადასხვა რელიგიის, ენისა და რასის ხალხი.

ისლამის ერთ-ერთი ცნება (რომლის არასწორად აღქმაც ხდება) - ჯიჰადია. ისლამის მიხედვით, ალლაჰის გზაზე მოღვაწეობას და სიმართლისთვის გაწეულ ჯაფას, ჯიჰადი ჰქვია. ჯიჰადი - მორწმუნის მიერ, თავისი სხეულითა და ქონებით, ალლაჰის კმაყოფილების მიპოვების მცდელობაა.

ჯიჰადი - სიცოცხლის, ნამუსის ქონების, გონების, რელიგიისა და სამშობლოს დაცვაა. უეჭველად, ჯიჰადი არ არის სხვისი უფლებების შელახვა, უსამართლო თავდასხმა, თვითმკვლელობა, ტერორიზმი და სხვებზე ტკივილის მიყენება. პირიქით, ჯიჰადი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჯიჰადი - უმწეოების მჩაგვრელებისგან დაცვაა. ჯიჰადი - სხვებისთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებაა, ადამიანებზე სოციალური და მორალური დახმარების აღმოჩენაა, წრფელი და ერთგული განზრახვით, ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის გარჯაა. ჯიჰადი - სიკეთისკენ მოწოდება და უკეთურების აკრძალვაა. ყოველგვარი კარგი და სამადლო ქმედება, რომელიც ალლაჰის კმაყოფილებისთვის იქნება გაკეთებული, ერთგვარი ჯიჰადია. სიცოცხლის, რწმენის, ნამუსის, ქონებისა და სამშობლოს გულისთვის ხელში იარაღის აღება და ბრძოლა, ჯიჰადის ყველაზე ბოლო ფორმაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც სხვა გზა აღარ არსებობს. საკუთარი მიზნებისთვის და რელიგიაზე ამოფარებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, სრულიად ეწინააღმდეგება იმ ცნებას, რასაც ჯიჰადი ჰქვია. დღესდღეობით უამრავი ტერორისტული ორგანიზაცია და რადიკალური ჯგუფი, თავიანთი მიზნებისთვის ისლამს იყენებენ და უდანაშაულო და უმწეო ხალხს ხოცავენ. უეჭველად, ამ დაჯგუფბებს ისლამთან არანაირი საერთო არ გააჩნიათ. მაშინ, როცა ისლამი კრძალავს სიცოცხლის საკუთარი ხელით ხელყოფას, ამ დროს ვიღაც საკუთარ თავს იფეთქებს და ფიქრობს, რომ ასე სამოთხეს მოიპოვებს, მაშინ, როცა ისლამი მოგვიწოდებს, რომ დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, ამ დროს ვიღაცები უდანაშაულო ადამიანებს კლავენ და ამას ჯიჰადს ეძახიან, მაშინ, როცა ისლამის მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და მისი სიცოცხლეა, ისინი უმოწყალოდ ექცევიან ხალხს და უფრო მეტიც, ყოველივე ამის ისლამზე მიწერას ცდილობენ. უეჭველად, ისლამის მიზანი მშვიდობაა და არა ომი. საბოლოო ჯამში, ადამიანმა რომ კარგად გაანალიზოს, თუ რა არის ისლამი, ჯიჰადი და ტერორიზმი, პირველ რიგში, ჭეშმარიტ წყაროს უნდა მიმართოს.

ისლამი მთელ კაცობრიობას მშვიდობისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ვინაიდან, კაცობრიობის 99% - ის ან უფრო მეტის სურვილი, მშვიდობა და სამართლიანობაა. აქედან გამომდინარე, კაცობრიობამ საერთო გზა უნდა იპოვოს და უნდა გაერთიანდეს. ეს ყველა რასის, წარმომავლობისა და რელიგიის ადამიანმა უნდა გაითავისოს. მათ შორის მუსლიმებმაც, ვინაიდან შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს: „ჭეშმარიტი მუსლიმი ისაა, ვინც მუსლიმის ენისა და ხელისგან დაცულია. ხოლო ჭეშმარიტი მორწმუნე ისაა, ვისაც ხალხი თავიანთ სიცოცხლესა და ქონებას ანდობს“.7


5 სურა ბაყარა, 2/208

6 სურა მუმთეჰინე, 60/8

7 (თ2627 თირმიზი, იმანი, 12)

26