ისლამი საუკეთესოზნეობის მქონე რელიგიაა

„სრულყოფილი მორწმუნეები ისინი არიან, რომლებიც ზნეობრივად ამაღლებული არიან“.1

ზნეობა მხოლოდ ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება არ არის, არამედ ის, ღმერთთან, სხვა ცოცხალ არსებებსა და გარემოსთან კავშირშიც უნდა აისახებოდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზნეობა იმ წესებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანის სულიერებასა და ქცევებს განსაზღვრავს. ისლამი, რომელიც მონოთეიზმის პრინციპზეა დაფუძნებული, ზნეობრივ ნორმებსა და წესებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ისლამის მიზანი, სრულყოფილი და საუკეთესო ზნეობის მქონე მორწმუნეებისგან შემდგარი, მშვიდობის მოყვარული საზოგადოების ჩამოყალიბებაა.

მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.), რომელიც შუამავლური მისიის დაკისრებამდეც თავის ხალხში „სანდოს“ სახელით იყო ცნობილი, ასე ბრძანებს: „მე მხოლოდ საუკეთესო ზნეობის სრულქმნისთვის წარმოვიგზავნე“.2 შუამავალი (ს.ა.ს.), ისლამის აღიარების პარალელურად, ხალხს კარგი ზნეობისკენ მოუწოდებდა. ეს კი ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ ისლამში რწმენა და ზნეობა, ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთიმეორესთან.

ისლამის რელიგიის თანახმად, მორწმუნე ყველგან და ყოველთვის საუკეთესო ზნეობით უნდა გამოირჩეოდეს. რადგან, ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების გზა, საუკეთესო ზნეობაზე გადის. როგორც შუამავალი (ს.ა.ს.) არაერთ ჰადისში ბრძანებს, ვინც ადამიანების მიმართ ლმობიერი იქნება, ალლაჰი მას შეიბრალებს, ვინც ადამიანებს მიუტევებს და მათ საიდუმლოს სააშკაროზე არ გამოიტანს, ალლაჰიც მას მიუტევებს და დაიცავს, ვინც გაჭირვებულებს დააპურებს, ალლაჰი მის ქონებას ბარაქას შემატებს, ვინც გამოუვალ გასაჭირში მყოფთ დაეხმარება, ალლაჰი მას, მარტოდმარტო, დახმარების გარეშე, არასდროს დატოვებს. მაგრამ, ალლაჰი დასჯის მათ, რომლებიც სხვებს ზიანს აყენებენ, შეურაცხყოფენ, სხვების ნაკლოვანებები საჯაროდ გამოაქვთ, სიძუნწეს იჩენენ და მგზავრებს, ნათესავებსა და ღატაკებს არ ეხმარებიან. აქედან გამომდინარე, კარგი ზნეობა მხოლოდ ინდივიდებს შორის ურთიერთობა არ არის, არამედ მსახურსა და ალლაჰს შორის კავშირსაც განიხილავს.

ისლამის ზნეობის შესაბამისად აღზრდილი მუსლიმი, უნდა იყოს: სამართლიანი, ლმობიერი, მიმტევებელი, შემწყნარებელი, ერთგული, გულწრფელი, სანდო, მისი გამჩენი ალლაჰის მონა-მორჩილი, სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი, სიმართლის მთქმელი და ქველმოქმედი. ისლამის მიხედვით, იმქვეყნიურ ბედნიერებას, ჭეშმარიტი მორწმუნე, ერთგული ღვთისმსახური და საუკეთესო ზნეობის მქონე მუსლიმები დაიმსახურებენ.


1 ებუ დავუდი, სუნნეთი, 15

2 იბნი ჰანბელი, II, 381

24