ისლამი - შემწყნარებელი რელიგიაა
„მე, არა უბედურებისთვის, არამედ მხოლოდ ბედნიერებისთვის წარმოვიგზავნე!“12
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰი, თავისი მარადიული მოწყალებით, სამყაროში არსებულ ყველა არსებას იცავს და სარჩოს აძლევს. ის ბრძანებს: „ჩემი წყალობა, ჩემს რისხვას ჭარბობს“.13 აქედან გამომდინარე, ის ადამიანებს მიუტევებს და ადამიანებისგანაც ლმობიერებასა და შემწყნარებლობას მოითხოვს.
დალოცვილი შუამავალი (ს.ა.ს.), რომელიც კაცობრიობის ყველაზე პატივდებული პიროვნება იყო, ალლაჰის მიერ კაცობრიობისთვის გამოგზავნილი მოწყალებაა. შუამავალი (ს.ა.ს.) ერთგული, ლმობიერი და შემწყნარებელი პიროვნება იყო. ის არ იყო უხეში და გულქვა. ამიტომ, მან ძალიან მოკლე დროში, უამრავი თანამიმდევრის შეკრება მოახერხა. ძალადობაზე დაფუძნებულმა უვიცთა საზოგადოებამ, მისი ლიდერობით, შემწყნარებლობისა და ლმობიერების მნიშვნელობა, მალევე გაიგო.
შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთის მიხედვით, სიბრალული მშრალი თანაგრძნობა არ არის, არამედ ის, „ალლაჰის მიერ გაჩენილი ყოველი არსებისადმი პატივისცემას“ ნიშნავს. რადგან, ისლამის მიხედვით, ალლაჰის მიერ გაჩენილი დიდი თუ პატარა ანუ ყველაფერი, პატივისცემას იმსახურებს. ვინც სამყაროში გაჩენილთა მიმართ სიბრალულს გამოიჩენს, ალლაჰი მას თავისი უსაზღვრო მოწყალებით დააჯილდოებს.
რა თქმა უნდა, მოწყალების ყველაზე კარგი გამოხატულება, მუსლიმების ურთიერთპატივისცემა და ურთიერთდახმარებაა. თუმცა მოწყალება, მხოლოდ ადამიანებზე, მორწმუნეებსა და გაჭირვებულებზე დახმარება როდია. ვინაიდან, მოწყალება ასევე არის: უფროსების დაფასება, პატარების შებრალება, განსაცდელში მყოფთათვის დახმარების გაწევა, ფრინველებისა და ცხოველების მოვლა-პატრონობა და სხვა. ამავდროულად, ყველაფერი ეს ადამიანის ზნეობაზეც მიუთითებს.
ისლამი უსამართლობას, ბოროტებას, მრისხანებასა და ყოველგვარ უკეთურებას კრძალავს. ადამიანს არ აქვს უფლება, გინდ თავისი ფიზიკური, გინდ გონივრული ნიჭი, ბოროტად გამოიყენოს და კაცობრიობას ზიანი მიაყენოს. ვინაიდან, ის სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმ მიზანთან, რა მიზნითაც ალლაჰმა ეს ქვეყანა გააჩინა. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთმა, ამ ქვეყნის გაჩენის შემდეგ, იქ ადამიანები მოავლინა, რათა მათ ერთად და მშვიდობიანად ეცხოვრათ. ერთეული ადამიანები კი, სხვებზე ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას ახორციელებენ, შეგნებულად ქმნიან ეკონომიკურ კრიზისს, მიზანმიმართულად ახორციელებენ ქიმიურ და ფიზიკურ თავდასხმებს და მის შედეგებზე არც კი ნაღვლობენ. ამგვარად, ისინი ვერ ხვდებიან რომ, ვინც უკეთურებას დასთესს და ბოროტებას გაავრცელებს, მისი მარადიული სამყოფელი ჯოჯოხეთის ცეცხლი იქნება.
ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრების პრინციპი, საზოგადოებაში მრისხანების აღმოფხვრა და შემწყნარებლობის დაფუძნება იყო. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.), უვიცთა საზოგადოებაში არსებული ყოველგვარი უკეთურება და ბოროტება აკრძალა და მის მაგივრად ხალხს ლმობიერებისა და ერთგულებისკენ მოუწოდა. ის, მთელი თავისი შუამავლური მისიის განმავლობაში, შურისძიების, სისხლის აღების, გაუტანლობის, მრისხანების, მჩაგვრელობის, დამცირების, ბოროტების, სიავისა და მსგავსი უარყოფითი ქმედებების წინააღმდეგ იბრძოდა. ქალებისა და გოგო შვილების უფლებებს იცავდა და მათი დამცირების უფლებას არავის აძლევდა. ვინაიდან, ქალების მიმართ უპატივცემულობასა და მათ მიმართ უღირს ქმედებებს, ისლამში ადგილი არ აქვს. უფრო მეტიც, ისლამი იცავს ქალის უფლებებს. უვიცთა საზოგადოებაში, ქალებს, როგორც ნივთს, ისე აღიქვამდნენ, მაგრამ ისლამმა ქალი გაათავისუფლა „მონობისგან“ და მას ღირსება დაუბრუნა. უფრო მეტიც, შუამავალი (ს.ა.ს.) თავად იცავდა ქალის უფლებებს და მათი დამცირების უფლებას არავის აძლევდა. ის ყველას წინააღმდეგ გამოდიოდა, ვინც ქალების მიმართ უსმართლობასა და უპატივცემულობას იჩენდა.
მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ისიც, რომ შუამავალმა (ს.ა.ს.), ომის დროს ქალების, ბავშვების, სასულიერო პირებისა და ტყვედჩავარდნილების მოკვლა, წამება და შეურაცხყოფა აკრძალა. ისლამი, ომის დროსაც კი ადამიანის უფლებებს იცავს. ის ყოველგვარი უღირსობისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი მუსლიმი უმოწყალო, ულმობელი, დესპოტი, შეუბრალებელი და ბოროტი ვერ იქნება. რადგან ყურანი და სუნნეთი ამას არ ქადაგებს. მუსლიმმა მაგალითი ყურანიდან და შუამავლიდან (ს.ა.ს.) უნდა აიღოს.
მუსლიმი ვალდებულია გასაჭირსა და განსაცდელში მყოფთ დაეხმაროს, ადამიანისა და ბუნების მიმართ სიბრალული და ლმობიერება გამოიჩინოს და მისი ნაყოფიერი ქმედებებით საზოგადოებას სარგებელი მოუტანოს. რადგან მორწმუნე, რომელიც ასე მოიქცევა, მოწყალების ნამდვილ მფლობელს - უზენაეს ალლაჰს უფრო დაუახლოვდება. ამასთან მიმართებაში, შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ალლაჰი არ მიუტევებს მას, ვინც ადამიანების მიმართ მიმტევებელი არ იქნება“.14
12 მუსლიმი, ბირრი და სილა, 87
13 ბუხარი, თევჰიდი, 22
14 ბუხარი, თევჰიდი, 2