ლოცვა
„და აღავლინეთ ლოცვა, გაეცით ზექათი და მუხლი მოიყარეთ მუხლმოდრეკილებთან ერთად“.5
ისლამში არსებულ აუცილებლად შესასრულებელ ღვთისმსახურებათაგან ერთ-ერთი, სავალდებულო ლოცვის აღსრულებაა. ლოცვა თექბირებით იწყება და სალამის მიცემით სრულდება. ლოცვას თავისთვის დამახასიათებელი მოძრაობები გააჩნია. ასევე, ლოცვის დროს ყურანის კითხვა აუცილებელია. ლოცვა გულიდან წამოსული სულიერების ნაწილი, შინაგანი სამყაროს სილაღე და სულის საკვებია. ლოცვა, მონა-მორჩილის ალლაჰის წინაშე მოკრძალებულად დგომას, მთელი არსებით მასზე მიკედლებას და მისდამი მადლერების გამოხატვას ნიშნავს.
ღვთის მიერ მომადლებული სარჩოსთვის მადლიერების გამოხატვა, რელიგიური და ადამიანური ვალდებულებაა. უეჭველად ყველანაირი სარჩოს მბოძებელი უზენაესი ალლაჰია. აქედან გამომდინარე, თიოთოეულმა ადამიანმა ალლაჰისადმი მადლიერება უნდა გამოხატოს. სხეული, გონება, საუბრის შესაძლებობა, ჯანმრთელობა - ჩვენზე მომადლებული ყველაზე ძვირფასი წყალობებია. ამიტომ ადამიანი ლოცვას ამ ყველაფრისადმი მადლიერების გამოხატვით ასრულებს.
ძვირფასი ყურანის თანახმად, ალლაჰს, ლოცვის აღსრულება, ყველა შუამავალზე ჰქონდა ნაბრძანები. რა თქმა უნდა ყველა თემის ლოცვა განსხვავებულ კრიტერიუმებს შეიცავდა. მუსლიმები კი ისე აღასრულებენ ლოცვას, როგორც ამას მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) აკეთებდა: ისინი დღეში ხუთჯერ ყიბლისკენ დგებიან და ლოცვას აღავლენენ. ლოცვის დროს, მუსლიმის მთელი სული და გული ღმერთისკენ უნდა იყოს მიმართული. ლოცვის დროს ფეხზე დგომა, იმას ნიშნავს, რომ მუსლიმი ალლაჰის წინაშე წარსდგა, რუქუღი კი იმას ნიშნავს, რომ მუსლიმი მხოლოდ ალლაჰის წინაშე იხრის ქედს, სეჯდეზე ჯდომა კი, იმას ნიშნავს, რომ მუსლიმი მთელი თავისი არსებით ალლაჰზეა მინდობილი.
ლოცვა - ისლამის დედაბოძი, ცოდვებისგან თავის დაცვის - ერთ-ერთი საშუალება და ცოდვების გამოსასყიდია. აღდგომის დღეს ადამიანს, უპირველესად სავალდებულო ლოცვისთვის მოეკითხება. ყურანი ხშირად მოიხსენიებს იმ მუსლიმებს, რომლებიც მუდმივად და მოკრძალებულად აღასრულებენ ლოცვას. შუამავალი (ს.ა.ს.) მოუწოდებდა მუსლიმებს, რათა სავალდებულო ლოცვა მეჩეთში აღესრულებინათ. ვინაიდან ლოცვისთვის მეჩეთში მისვლა, მუსლიმებს შორის გაცნობის, მეგობრობის, ძმობისა და ურთიერთდახმარების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია.
მუსლიმი ვალდებულია, შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ ლოცვასთან დაკავშირებული ყოველი რჩევა და მითითება, გაითვალისწინოს. ხუთი დროის ლოცვის შესრულება, ალლაჰისა და შუამავლის (ს.ა.ს.) მორჩილებას ნიშნავს. ლოცვა ადამიანს თავის გამჩენთან აახლოებს, მის სულსა და ნებისყოფას აძლიერებს. მოკრძალებული მლოცველი ბოროტებისა და შურისგან განთავისუფლდება. წრფელი გულითა და დიდი გრძნობით შესრულებული ლოცვა ადამიანს განსაკუთრებულ სულიერ სიმშვიდეს შესძენს. ადამიანი, რომელიც დღეში ხუთჯერ ალლაჰის წინაშე წარსდგება და ლოცვას მოკრძალებული ფორმით შეასრულებს, მარადიული სამოთხით დაჯილდოვდება და იმქვეყნიურ ბედნიერებას მოიპოვებს.
მუსლიმი, ლოცვისთვის შესრულებული მცირე და საჭიროების შემთხვევაში, დიდი განბანვით, ფიზიკური და სულიერი ჭუჭყისგან განთავისუფლდება. მუსლიმმა, ლოცვის დაწყებამდე, ტანისამოსი უნდა მოიწესრიგოს. ვინაიდან ლოცვაზე დადგომის წინ სუფთა ტანისამოსის ჩაცმა და სასირცხო ადგილების დაფარვა, აუცილებელია. შემდეგ წრფელი გულით ქააბასკენ უნდა შეტრიალდეს, რადგან ლოცვის მიმართულება ქააბაა. მსოფლიოში მცხოვრები ყველა მუსლიმი ლოცვისას ქააბას მიმართულებით დგება.
ყოველი მუსლიმი ვალდებულია ხუთი დროის ლოცვა აღასრულოს. ლოცვა - ალლაჰის მიერ ნაბრძანები ღვთისმსახურებაა. ამიტომ ლოცვის შეუსრულებლობა და მისდამი უყურადღებობის გამოჩენა, ყოვლად მიუღებელია. ხუთი დროის ლოცვის ჩამონათვალი ასეთია: მზის ამოსვლამდე - დილის ლოცვა: ორი მუხლი სუნნეთი და ორი მუხლი ფარზი - სულ ოთხი მუხლი. შუადღის ლოცვა: პირველი ოთხი სუნნეთი, შემდეგ ოთხი ფარზი და ბოლოს ორი სუნნეთი - სულ ათი მუხლი. სამხრობის ლოცვა: ოთხი სუნნეთი და ოთხი ფარზი-სულ რვა მუხლი. საღამოს ლოცვა: სამი მუხლი ფარზი და ორი მუხლი სუნნეთი - სულ ხუთი მუხლი. ძილისწინა ლოცვა: ოთხი - პირველი სუნნეთი, შემდეგ ოთხი ფარზი და ბოლოს ორი მუხლი სუნნეთი - სულ ათი მუხლი. ამ ლოცვის შემდეგ სამი მუხლი ვითრი ილოცება. ფარზი ლოცვები ალლაჰის მიერ არის დაწესებული და მათი შესრულება სავალდებულოა. სუნნეთები კი შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ შესრულებული ნაფილე ლოცვებია. სუნნეთების ლოცვით მუსლიმი დამატებით მადლს მოიპოვებს.
ლოცვისთვის მზადმყოფი მუსლიმი, ლოცვის შესრულებისთვის მიზანს დაისახავს ანუ ნიეთს გააკეთებს, შემდეგ იფთითაჰ ანუ საწყის თექბირს წარმოთქვამს. იფთითაჰ თექბირი -ალლაჰუ ექბერ (ალლაჰი უდიდესია) - სიტყვების წარმოთქმას ნიშნავს. ამ სიტყვებით ვადასტურებთ, რომ ალლაჰი უდიდესი და უცილობელია სიდიადეში. აქედან გამომდინარე, ღვთისმსახურების ღირსი, მხოლოდ ალლაჰია. მლოცველმა, თექბირის წარმოთქმის შემდეგ, საუბარი უნდა შეწყვიტოს და ხელები ჭიპს ქვემოთ უნდა შეიკრას. შემდეგ ფეხზე მდგარ მდგომარეობაში თანმიმდევრობით კითხულობს „სუბჰანექეს“, „ბისმილლაჰს“, სურა „ფათიჰას“ და სხვა რომელიმე სურას ყურანიდან. სიტყვებით - „ალლაჰუ ექბერ “ სრულდება რუქუღი და სამჯერ წარმოითქმება „სუბჰაანე რაბბიელ ღაზიიმ“. სიტყვებით - „სემი ალლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ,“ ვსწორდებით წელში და წარმოითქმება „რაბბენაა ლექელ ჰამდ“. სიტყვებით - „ალლაჰუ ექბერ“, სრულდება სეჯდე (ალლაჰუ ექბერ - წარმოთქმის შემდეგ, ადგილს ეხება ჯერ მუხლებით, შემდეგ ხელებით, ბოლოს კი შუბლით და ცხვირით, თავი უნდა მდებარეობდეს ხელებს შორის თვალების გასწვრივ, ფეხები ძირს არ უნდა სცილდებოდეს). ამ მდგომარეობაში სამჯერ წარმოითქმება „სუბჰაანე რაბბიელ ეღლაა“. თექბირით - „ალლაჰუ ექბერ“ - ჯდება ორ თექბირს შორის და კითხულობს „ეთთეჰიათუს“. ბოლო მუხლის დასასრულს, ჩამჯდარ მდგომარეობაში კითხულობს „ეთთეჰიათუს“, „ალლაჰუ მესალის“ , „ალლაჰუ მებარიქს“ და „რაბბენას“ სახელით ცნობილ ვედრებებს. ბოლოს თავს მარჯვენა მხარეს ატრიალებს და წარმოთქვამს „ესსელამუ ალეიქუმ ვერაჰმეთულლაჰ“, შემდეგ თავს მარცხენა მხარეს ატრიალებს და იგივე სიტყვებს იმეორებს.
მუსლიმმა ლოცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიანიჭოს. სიზარმაცისა და უყურადღებობის გამო, ლოცვის შეუსრულებლობა, ყოვლად მიუღებელია. რადგან ისლამში ლოცვას ყველაზე დიდი და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ლოცვა, რწმენის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა.
5 სურა ბაყარა, 2/43