მუსლიმი - გარემოს მეგობარია

„წარღვნაც რომ ხდებოდეს და ამ დროს რომელიმე თქვენგანს ხელთ ნერგი ეჭიროს, ის (მაშინვე) დარგოს!“18

უზენაესი ალლაჰი, დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენიდან დღემდე, ადამიანს გარემოს აცნობს, სამყაროს მნიშვნელობას უხსნის და მას ბუნებასთან კავშირს ასწავლის. როგორც ცნობილია, ბოლო ღვთიურ წიგნში - წმინდა ყურანში, სამყაროში არსებული მოვლენების, არსებებს შორის თანაზომიერებისა და თითოეული მათგანის გაჩენის მიზეზების შესახებ არაერთი აიათია მოცემული. ამის გათვალისწინებით, უზენაესი ალლაჰი ყურანში გადმოგვცემს, რომ ამ ყველაფრის ნამდვილი ბატონ-პატრონი მხოლოდ ის არის, მხოლოდ მას შესწევს უსაზღვრო გაჩენის ძალა და თაყვანისცემის ღირსი მხოლოდ ის არის.

სამყაროში არსებული ყოველი არსება, მატერიალურ მნიშვნელობაზე უფრო, არამატერიალური მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან, რაც ცასა და დედამიწაზე არსებობს, ყველაფერი ალლაჰს ეთაყვანება. ჩიტები, ქვები, მცენარეები, ჭიანჭველები, მზე, მთვარე და ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე, ერთი არსებაც კი, გრძნობისა და მიზნის გარეშე, არ გაჩენილა. ისლამში, გარემოს მნიშვნელობა, მისი გაჩენის მიზეზისა და მიზნის მიხედვით განიხილება.

ისლამის მიხედვით, გარემო ალლაჰმა გააჩინა, მას ყოველ წამს აკონტროლებს, მართავს და დროებით, ამანათის სახით, ადამიანზე აქვს მიბარებული, ვინაიდან, ადამიანი ყველაზე ამაღლებული ცოცხალი არსებაა, რომელსაც გარემოს აღქმა, გამოყენება და მის გამჩენთან კავშირის დამყარება, ყველაზე უკეთ შეუძლია. ამიტომ, უზენაესმა ალლჰმა, ცასა და დედამიწაზე არსებული ყველაფრის სარგებლობის უფლება მხოლოდ ადამიანს უწყალობა. თუმცა, ეს მდგომარეობა ადამიანს, გარემოს განადგურების უფლებას არ აძლევს, ვინაიდან, ეს ყველაფერი ადამიანზე მიბარებული ამანათია. აქედან გამომდინარე, ადამიანს შეუძლია ამ ამანათით ისარგებლოს, თუმცა მისი განადგურების უფლება არ აქვს. ადამიანი, რომელიც ამ ამანათს არ უპატრონებს და მას საკუთარი ფუფუნებისა და გართობისთვის გამოიყენებს, მას ერთ დღეს ალლაჰის წინაშე პასუხისგება მოუწევს.

ალლაჰმა სამყარო მხოლოდ ადამიანებისთვის კი არა, არამედ ცხოველებისა და მცენარეებისთვისაც გააჩინა. აქედან გამომდინარე, მუსლიმი, ცხოველებსა და მცენარეებს გაუფრთხილდება, შეიბრალებს დაიცავს და მათ განადგურებას არ ეცდება. ამასთან დაკავშირებით, შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს რომ, ვინც უსამართლოდ ბეღურას სიცოცხლეს გამოასალმებს, ის იმქვეყნად მას ალლაჰთან უჩივლებს.19 აქედან გამომდინარე, გაუმაძღრობისა და ჟინის გამო, ბუნებისა და გარემოს განადგურება, ისლამის პრინციპებს სრულიად ეწინააღმდეგება. სამყარო და მასში არსებული მშვენიერება, ალლაჰის მიერ ადამიანზე ბოძებული ძღვენია. თუ ადამიანი გარემოს არ დაწამლავს, თუ არ გადაწვავს და თუ არ მოსპობს, ის ყოველთვის სუფთა და სასარგებლო იქნება. თითოეული მუსლიმი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას გარემო. ასევე, ის ვალდებული და პასუხისმგებელია გარემოს წინაშე, ვინაიდან, გარემო ადამიანის ყველაზე ძვირფასი განძი და მომავალია.


18 იბნი ჰანბელი, III/184

19 ნესაი, დაჰა’ი’ა, 42

32