მუსლიმი, სამოთხეში შესვლის გზებს ეძებს

„ვინც რელიგიად ისლამს აირჩევს და იტყვის: არ არსებობს ღვთაება, თვინიერ ალლაჰისა და მუჰამმედი მისი შუამავალია, ადგილს სამოთხეში დაიმკვიდრებს“.28

პირველი ადამიანი ადამი და მისი ცოლი ევა, სამოთხიდან დედამიწაზე გარდმოიგზავნენ. ყოველი ადამიანისთვის ამიერი ცხოვრება, სინამდვილეში დროებითი საბადებელია. ამიტომ თითოეულ ადამიანს სამოთხის მსგავსი ცხოვრება სურს, ყველგან სამოთხის მსგავს სილამაზეებს ეძებს. ისლამი კი, ადამიანს სამოთხეში შესვლის გზებს ასწავლის.

რა თქმა უნდა, მუსლიმისთვის, სამოთხეში ადგილის დამკვიდრების პირველი საფეხური - რწმენაა. სამოთხეში მოხვედრისთვის, ადამიანი, პირველ რიგში, ალლაჰსა და მის გზავნილ შუამავალს (ს.ა.ს.) უნდა დაემორჩილოს და რელიგიად ისლამი უნდა აირჩიოს.

ადამიანმა რწმენის შემდეგ, ისლამით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღვთისმსახურება პირნათლად უნდა შეასრულოს და ამავდროულად ყოველთვის სიკეთე უნდა აკეთოს. აქედან გამომდინარე, მუსლიმი ლოცვას არასდროს მიატოვებს, მარხვას დაიცავს. ზექათს გადაიხდის და ჰაჯობას შეასრულებს. გარდა ამისა, კარგი თვისებები, ადამიანს სამოთხისკენ გზას გაუხსნის, ვინაიდან ალლაჰი ყურანში ასე ბრძანებს: „და მორჩილ იყავით ალლაჰისა და შუამავლის, ეგებ შეწყალებული იქმნეთ თქვეენ, ისწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხეს, რომლის სივრცე ცანი და დედამიწაა, რომელიც გამზადებულია ღვთისმოშიშთათვის, რომლებიც გასცემენ ჭირშიც და ლხინშიც, იოკებენ მრისხანებას, პატიობენ ხალხს. და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი!

ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიავე ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და მაშინვე შესთხოვონ პატიება (ჩადენილი) ცოდვებისათვის, და ვისღა ძალუძს მიუტევოს ცოდვები, თუ არა ალლაჰისა. და თუ შეგნებულად არ დაიჟინებენ იმას, რასაც ჩადიოდნენ,

აი, მათთვისაა საზღაური - მიტევება მათი უფლისგან და სამოთხეები, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ. და რა მშვენიერი საზღაურია (ჯილდოა) კეთილისმქმნელთათვის!“29

რწმენა და ღვთისმსახურება ერთი მთლიანობაა, კარგი ზნეობა კი მთლიანად ავსებს მათ. რწმენის გარეშე, პიროვნება სამოთხეში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. თუკი ადამიანი რწმენას გულწრფელი ღვთისმსახურებებითა და კარგი ზნეობით არ შემოსავს, ჭეშმარიტ მორწმუნედ არ ჩაითვლება, ვინაიდან შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ის ადამიანი, რომელიც კარგი ზნეობით არ გამოირჩევა და გარშემომყოფთ ზიანს აყენებს, მის მიერ აღსრულებული ღვთისმსახურებები ფუჭად ჩაითვლება“.30 ასევე, შუამავალი კარგ ზნეობას სამოთხის მოპოვების საშუალებად ასახელებს და ასე ბრძანებს: „თქვენ მე ამ ექვსი რამის შესრულების გარანტია მომეცით და მეც თქვენ სამოთხეში შესვლის გარანტიას მოგცემთ: საუბრისას სიმართლე თქვით. მიცემული სიტყვა შეასრულეთ. თქვენზე ამანათის მობარებისას, ის მეპატრონეს უვნებლად დაუბრუნეთ. ნამუსი დაიცავით. აკრძალულს განერიდეთ. სიავისგან თავი შორს დაიჭირეთ!“31

მუსლიმი ცხოვრებას სიყვარულისა და ლმობიერების თვალით უნდა უყურებდეს. გაჩენილი ყველაფერი, გამჩენის გამო, უნდა უყვარდეს და მათ სიკეთით უნდა შესცქეროდეს. ვინაიდან მორწმუნე, შემწყნარებელი, თავმდაბალი, გულთბილი და ერთგული პიროვნებაა, ის გულს არავის არასდროს ატკენს და არ დაამცირებს. განზრახ ზიანს არცერთ სულიერს არ მიაყენებს, დიდს, პატარას, ქალს, კაცს, მოხუცსა თუ ახალგაზრდას - ყველას სიყვარულითა და პატივისცემით მოექცევა.

მუსლიმს სჯერა, რომ ადამიანებზე დახმარებით, ალლაჰის კმაყოფილებას მოიპოვებს და სამოთხეში ადგილს დაიმკვიდრებს. მუსლიმი ყოველ სიკეთეს უანგაროდ, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მიზნით გააკეთებს, რადგან ყურანი მუსლიმებს სამახარობლოს აძლევს, რომ ეს ქმედებები მათ სამოთხისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას უფრო გაუადვილებს: მონის გათავისუფლება, განსაცდელსა და გაჭირვების დროს, ღატაკების, ნათესავი ობლებისა და უპოვრების დაპურება, ასევე, მორწმუნეების მიერ ერთიმეორეზე მოთმინებისა და მოწყალების რჩევა.32

როგორც შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს, „სამოთხე - ჩიტის მსგავსი, სუფთა და გულმართალი გულის მქონე პიროვნებების ადგილია“. სამოთხე - „ალლაჰის კმაყოფილებისთვის მოღვაწე, ჭეშმარიტი ღვთისმოსავი პიროვნებების მარდიული სამყოფელია“. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.), ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე ბრძანებს: „„ჭეშმარიტებას არ გადასცდეთ, რადგან ჭეშმარიტება (ადამიანს) სიკეთისკენ უწინამძღვრებს, ხოლო სიკეთე სამოთხეში დაამკვიდრებს! ვინც ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებს და ჭეშმარიტებას არ გადასცდება, მაშინ ღვთის წიაღ ჩაიწერება, როგორც სიმართლის მთქმელი და სანდო. სიცრუეს განერიდეთ, რადგან სიცრუე (ადამიანს) ბოროტებისკენ უწინამძღვრებს, ხოლო ბოროტება ჯოჯოხეთში განაწესებს! ვინც გამუდმებით ცრუობს და სიცრუე მისი თანამგზავრია, მაშინ მას, ალლაჰის წიაღ მატყუარას სტატუსი მიენიჭება“.33

სამოთხე მარადიულია. იქ უამრავი სახის სარჩო და სილამაზე არსებობს, რომლის წარმოდგენა გონებას არ ძალუძს. ადამიანს, რომელსაც სამოთხეში დამკვიდრება სურს, თავისი ყოველი წუთი ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს. მან ცხოვრება, მიზნის გარეშე, უსარგებლოდ ანუ უნაყოფოდ არ უნდა გალიოს. ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, ჭკუა, ნიჭი და ქონება, ფუჭად არ უნდა გახარჯოს.

მუსლიმს, სამოთხისკენ მიმავალ გზაზე, რა თქმა უნდა, გარკვეული წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს, რადგან ამიერი ცხოვრება ერთგვარი გამოცდაა, მუსლიმი კი სამოთხისკენ მიმავალი მგზავრია. მას ამ დალოცვილი მოგზაურობის დასრულებაში, ვერანაირი წინააღმდეგობა ხელს ვერ შეუშლის. მის გატეხვას ვერც ამქვეყნიური ვნებები, ვერც ქონება და ვერც სატანა, ვერ მოახერხებს. მუსლიმი ძალას რწმენიდან იღებს და წინსვლას მოთმინებით განაგრძობს. ალლაჰს ენდობა და აკრძლულებისგან თავი შორს უჭირავს. ის შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრებას საკუთარი ცხოვრების მოდელად გადააქცევს. საბოლოოდ კი, ალლაჰის ნებითა და შემწეობით, მარადიულ ადგილს სამოთხეში დაიმკვიდრებს.


28 ებუ დავუდი, თეფრიუ ებვაბი’ლ-ვითრ, 26

29 სურა ალი იმრანი, 3/132-136

30 მუსლიმი, ბირრი და სილა, 59

31 იბნი ჰანბელი, V, 323

32 სურა ბელედი, 90/12-17

33 მუსლიმი, ბირრი და სილა, 103

37