მუსლიმი, შეცდომის დაშვებისას, პატიებას ითხოვს

„ხოლო, ვინც ჩადენილი დანაშაულის შემდეგ მოინანიებს და გამოასწორებს, უეჭველად, ალლაჰი მას მიუტევებს. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!“26

უზენაესმა ალლაჰმა ადამიანი გონიერ არსებად გააჩინა და მას იმის უნარი უწყალობა, რომ კარგი და ცუდი ერთიმეორისგან განასხვავოს. მას გონების, თავისუფალი არჩევანისა და ფიქრის მსგავსი პოტენციური ძალები უწყალობა. ადამიანი, რომელიც ამ პოტენციურ ენერგიას ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის ანუ სიკეთეში გახარჯავს, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ბედნიერებას მოიპოვებს. ასევე, ასეთი პიროვნება ყოველთვის ეცდება, რომ თავისი კარგი საქმეებით ამქვეყნად საკუთარი კვალი დატოვოს. მაგრამ, პიროვნება, რომელიც თავის პოტენციურ ენერგიას სატანის გზაზე გახარჯავს, ამით საკუთარ თავსაც დააზარალებს და საზოგადოებასაც.

ადამიანი შეცდომისგან დაზღვეული არ არის. ზოგჯერ შეცდომას დაუშვებს, ზოგჯერ კი სატანა შეაცდენს. თუმცა, მუსლიმისთვის, ცოდვებისგან თავის დაღწევის კარი ყოველთვის ღიაა. ეს კარი ალლაჰზე პატიების თხოვნაა. ვინაიდან, ალლაჰმა ადამიანს მონანიების საშუალება მისცა. უეჭველად, ის მიმტევებელია, შემწყნარებელია, მპატიებელია.

ისლამის მიხედვით, ადამიანი, რომელიც ჩადენილ ცოდვას ინანიებს და ალლაჰს მიტევებას შესთხოვს - „ისთიღფარი“ ჰქვია. ხოლო, ალლაჰის წინაშე აღთქმის დადება, იმის შესახებ რომ ჩადენილ ცოდვას აღარ გაიმეორებს - „თევბე“ ეწოდება. „ეთ-თევვაბ“ - ალლაჰის უნაკლო სახელთაგან ერთ-ერთია, რაც, მონანიების მსმენელს, მპატიებელს, მიმტევებელს ნიშნავს. უეჭველად, ის შემწყნარებელია, მას უყვარს მიტევება და აუცილებლად მიუტევებს მას, ვინც მისგან მას გულწრფელად ითხოვს.

ღმერთისთვის, გულწრფელად აღვლენილი „მონანიება“ და ღვთისმსახურება, ცოდვებისგან განწმენდის, ერთადერთი საშუალებაა. საკუთარი შეცდომების აღიარება, საკუთარი თავის გამოსწორების, იმედისა და ცხოვრების უფრო ძლიერი რწმენით დაწყების ყველაზე კარგი გზაა. მონანიება, ალლაჰის მიერ აკრძალულების გაცნობიერებისა და მისი კმაყოფილების მოპოვების, კარგი საშუალებაა.

ადამიანი, გულრწფელი გულით, ცოდვების მონანიების შემდეგ, საკუთარი თავისადმი რწმენასა და ნდობას დაიბრუნებს. ასეთი ღირსეული ქმედებით, ის საზოგადოებას კარგ მაგალითს მისცემს. შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებს: „ვინც (წრფელი გულით) ცოდვებს მოინანიებს, ისე განიწმინდება, თითქოს ცოდვა არასდროს ჩაედინოს“.27

ადამიანებს ერთიმეორის მიმართ თუ რაიმე დანაშაული მიუძღვით, გარდაცვალებამდე ერთმანეთისგან პატიება უნდა ითხოვონ, თუკი ადამიანს კანონის წინაშე რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ ვალდებულია, კანონის შესაბამისად, პასუხი აგოს. გარდა ამისა, გულწრფელი მონანიების შემდეგ, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ალლაჰი ადამიანს არ მიუტევებს.


26 სურა მაიდე, 5/39

27 იბნი მაჯე, ზუჰდი, 30

36