სისუფთავე
„სისუფთავე რწმენის ნახევარია“.3
ისლამის რელიგიის ძირითად პრინციპთაგან ერთ-ერთი, როგორც ფიზიკური, ასევე, სულიერი ჭუჭყისგან გასუფთავებაა. ისლამი ფიზიკურ სისუფთავეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მოითხოვს სხეულის, ტანსაცმლის, სალოცავი ადგილისა და გარემოს სისუფთავეს. სულიერი ანუ შინაგანი სისუფთავე არის: გულიდან და გონებიდან ცუდი ზრახვებისა და ეშმაკისეული ფიქრების ამორეცხვა, სულის განწმენდა, ცოდვებისგან გათავისუფლება-მონანიება, თვალთმაქცობის, ბოღმის, სიამაყისა და შურისძიების მსგავსი თვისებებისგან გათავისუფლება.
ისლამის რელიგიის თანახმად, ადამიანმა საკუთარ სხეულზე არსებული მიკრობები სხვას არ უნდა გადასდოს. აქედან გამომდინარე, შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთში, საპირფარეშოს გამოყენების დროს არსებულ სისუფთავის წესებს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამასთან დაკავშირებით, საპირფარეშოს გამოყენების დროს ადამიანმა სასირცხო ადგილები აუცილებლად წყლით უნდა დაიბანოს, რა დროსაც მარცხენა ხელი უნდა მოიხმაროს, შემდეგ კი ხელებიც ანალოგიურად წყლით უნდა დაიბანოს. ამასთანავე, ხეების საჩრდილებლის, პარკებისა და მდინარის ნაპირების საპირფარეშოდ გამოყენება, არ შეიძლება. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ისლამი სხეულის სისუფთავეს განსკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) თავის მიმდევრებს მოუწოდებდა: სულ ცოტა ერთი კვირის განმავლობაში ერთხელ, პარასკევ დღეს სხეული კარგად განებანათ, ყოველთვის სუფთა ტანისამოსი ჩაეცვათ, თმა, წვერი და ფრჩხილები მოეწესრიგებინათ, რადგან მუსლიმი არ შეიძლება მოუწესრიგებლად დადიოდეს და თავისი ცუდი სუნით გარშემომყოფებს აწუხებდეს.
ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ ისლამში ზოგიერთი ღვთისმსახურების შესრულებისთვის სუფთად ყოფნა აუცილებელია. მუსლიმი ვალდებულია ლოცვის აღსრულებამდე „აბდესი“ აიღოს. საჭიროების შემთხვევაში, მთელი ტანი უნდა დაიბანოს ანუ დიდი განბანვა უნდა შეასრულოს. თუ წყალი არ არის, მაშინ სუფთა მიწით „თეიმუმი“ უნდა გააკეთოს. ყოველივე ეს, კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდ ყურადღებას ანიჭებს ისლამი სისუფთავეს.
ასევე, სულიერი მხარის ყოველგვარი ბიწიერებისგან განწმენდა, არანაკლებ აუცილებელია. ადამიანი ჩადენილი ცოდვებისგან, გულწრფელი მონანიებით განიწმინდება. პმუსლიმი, რომელიც ჩადენილ ცოდვასა და სიავეს მოინანიებს და ალლაჰის წინაშე სიტყვას დადებს, რომ მსგავს ქმედებებს აღარ გაიმეორებს, ცოდვებისგან განიწმინდება.
სულიერი სიწმინდის არსი კეთილშობილებაში იმალება. ისლამის თანახმად, სულიერი სიწმინდისთვის აუცილებელია, მუსლიმმა საკუთარი სხეულის ყოველი ნაწილით, სიკეთე აკეთოს.
3 თირმიზი, დეავა’თ, 86