ღმერთის რწმენა
„ვინც წრფელი გულით აღიარებს, არ არსებობს ღვთაება თვინიერ ალლაჰისა და მუჰამმედი მისი შუამავალია, ალლაჰი მისთვის ჯოჯოხეთს აკრძალულს გახდის“.5
ალლაჰის რწმენა - ისლამის ძირითადი პირობაა. უზენაესმა ალლაჰმა ყველაფერი არაფრისგან გააჩინა, ატომიდან დაწყებული გალაქტიკების ჩათვლით, მთელი სამყაროს გამჩენი და ბატონ-პატრონი ის არის. ის არის, ადამიანიდან დაწყებული ყველა არსების გამჩენი, მაცოცხლებელი, სიცოცოცხლის წამრთმევი და შემდეგ მათი ხელახლა გამცოცხლებელი.
ალლაჰი ერთადერთია, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა. არც შობილა და არც უშვია ანუ მშობელი არ ყოფილა. არაფერზეა დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. არავინ ყოფილა მისი ბადალი და ვერც იქნება. მისი მსგავსი არაფერია. მისი მსგავსი რამე, არც არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა, ყველაფრის ბატონ-პატრონი მხოლოდ ის არის, ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და სამყაროს ის განკარგავს. ის ცოცხალია, მარადიულია. ყველა გაჩენილი ერთ დღეს მოკვდება, ის კი მარად ცოცხალი იქნება. მას არც დასაწყისი გააჩნია და არც დასასრული.
უეჭველად, ალლაჰი ხედავს ყველაფერს, მისთვის დამალული და დაფარული არაფერია. მასზე დროის სვლა არ მოქმედებს. ის ყველაფრის მცოდნეა და ყველაფერი მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ის ყველა და ყველაფრის ბატონ-პატრონი და ჭეშმარიტი მბრძანებელია. ის არის მპატიებელი, ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი, მშვიდობის მბოძებელი და მიმტევებელი. ის ადამიანებს სარჩოს აძლევს, ეხმარება და იცავს. ამავდროულად მწარედ სჯის მათ, რომლებიც თანაზიარს უდგენენ, უარყოფენ და ცდომილებაში ცხოვრობენ.
ისლამი ერთადერთი ღმერთის რწმენაზეა დაფუძნებული და მისდამი თაყვანისცემას ითხოვს. ისლამი „თევჰიდის“ პრინციპზეა დაფუძნებული. თევჰიდი - ყველანაირი მოზიარის დადგენის გარეშე, ალლაჰზე რწმენას ნიშნავს. მორწმუნე ადამიანი მთელი გულით აღიარებს რომ: ალლაჰი ერთადერთია, მისი მსგავსი არაფერია, მას არანაირი მოზიარე, მეწილე და მემკვიდრე არ ჰყავს. მორწმუნე დიად ალლაჰს, მხოლოდ მისთვის (ალლაჰისთვის) განკუთვნილი სახელებითა და თვისებებით შეიცნობს და მთელი გულით მას მიეკედლება. ამ ყველაფერს სიტყვიერედაც დაადასტურებს და ქმედებებითაც. ადამის შვილნი ვალდებული არიან, რომ მათ გამჩენ, მაცოცხლებელ და მათზე სხვადასხვა სახის სარჩოს მბოძებელ, ერთადერთ დიად ალლაჰს დაემორჩილონ.
ყველა შუამავალი ერთადერთ ალლაჰზე რწმენას ქადაგებდა. ალლაჰის რწმენის დროს აუცილებელია: ყველაზე მეტად გიყვარდეს ის, მას პატივს მიაგებდე და მის წინაშე მოკრძალებული იყო, ნებისმიერი მდგომარეობისა და ვითარებისას, მხოლოდ მას ენდობოდე და მხოლოდ მისგან ითხოვდე დახმარებას. ადამიანმა, რომელსაც ღმერთის სწამს, კარგად უნდა იცოდეს, რომ ის მას ყოველ წამს ხედავს, ყოველ მის ნაბიჯსა და ნამოქმედარს აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, მორწმუნე ადამიანმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაანალიზოს. ასევე, კარგად უნდა ესმოდეს, რომ უზენაესი ალლაჰი იმქვეყნად ყოველი არასწორი ნამოქმედარისთვის პასუხს აგებინებს. მორწმუნე ადამიანმა, რწმენის შესაბამისად, უნდა იცხოვროს. მისი მთავარი მიზანი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვება უნდა იყოს. მართლმორწმუნე ადამიანს თავისი რწმენა სიმშვიდეს მოუტანს. ასეთი პიროვნება საზოგადოებისთვისაც მშვიდობის გარანტი იქნება.
5 ბუხარი, ილიმი, 49