შუამავლების რწმენა

„უეჭველად, რომელნიც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალთ და სურთ განაცალკევონ ალლაჰი და მისი შუამავალნი, და ამბობენ: ჩვენ გვწამს ზოგი და ზოგს უარვყოფთ. და სურთ ამათ შორის გაიდონ გზა, სწორედ ეგენი არიან ნამდვილად ურწმუნონი. და ურწმუნოთათვის ჩვენ მზად ვყავით სასჯელი დამამცირებელი!“11

შუამავლები ალლაჰის მიერ რჩეული პიროვნებები არიან, რომლებსაც ხალხზე ღვთიური კანონების გაცნობა ევალებათ. შუამავლების რწმენა ნიშნავს ამ სიტყვების გულით აღიარებას: მწამს და მჯერა, რომ ისინი ალლაჰის დალოცვილი ელჩები არიან. ასევე, მწამს ყველაფრის, რაც ალლაჰის წიაღიდანაა მოვლენილი.

შუამავლების რწმენა - ისლამის ერთ-ერთი პირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ზოგიერთ სხვებზე მაღლა დგას და ამ მხრივ გარკვეული განსხვავებები არსებობს, მათ და მათზე გარდმოვლენილი ვაჰის რწმენის საკითხში, არანაირი განსხვავება არ არის. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა შუამავლის და მათზე გარდმოვლენილი ვაჰის, ერთნაირად უნდა გვწამდეს. აქედან გამომდინარე, მუსლიმმა შუამავლები ერთმანეთისგან არ უნდა გაარჩიოს, ყველა შუამავალი უნდა აღიაროს, ისინი პატივისცემით უნდა მოიხსენიოს, მათგან მაგალითი უნდა აიღოს და ბოლო შუამავალს (ს.ა.ს.) დაემორჩილოს.

პირველი ადამიანი ადამია (ა.ი.მ.კ.). ის ამვდროულად პირველი შუამავალია. ბოლო შუამავალი კი – მუჰამმედია (ს.ა.ს.). ალლაჰს ადამიანები ლიდერის, წინამძღვრის, სამაგალითო პირებისა და შუამავლების გარეშე არასდროს მიუტოვებია. ამ ორ (ადამი და მუჰამმედი) შუამავალს შორის უამრავი შუამავალი იქნა მოვლენილი, ზოგიერთი მათგანის ვინაობა ცნობილია, ზოგიერთების კი - უცნობი, მათგან ზოგიერთს ღვთიური წიგნი ებოძა, ზოგიერთს - არა, თუმცა თითოეული მათგანის მოწოდება ერთნაირი იყო: „ალლაჰის მორჩილნი იყავით!“

შუამავლების ვალდებულება, ყველანაირი დამატებისა და დაკლების გარეშე, მათზე გარდმოვლენილი ღვთიური კანონების, ხალხში გავრცელება იყო. თუმცა მათი ვალდებულება ვაჰის მხოლოდ გავრცელება არ იყო, არამედ ისინი ვალდებული იყვნენ, მათზე მოვლენილი ვაჰი ხალხისთვის აეხსნათ, ესწავლებინათ და თავადაც ვაჰის შესაბამისად ეცხოვრათ. მათ ამ გზაზე უამრავი სირთულის გადალახვა მოუწიათ. ალლაჰი მათ დროდადრო სასწაულებს უგზავნიდა. ეს და მსგავსი ამბები ყურანშია გადმოცემული, რათა ადამიანებმა მისგან კარგი გაკვეთილი მიიღონ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ყველაზე გონიერ და ჭკვიან არსებად იქნა გაჩენილი, მისი გამჩენის ბრძანებებისა და აკრძალვების შესწავლა, მხოლოდ და მხოლოდ შუამავლების საშუალებით იყო შეასაძლებელი. აქედან გამომდინარე, ადამიანს, რომელსაც ალლაჰის ბრძანებებზე დამორჩილება და აკრძალვებისგან თავის შორს დაჭერა სურს, შუამავლებს უნდა დაემორჩილოს. ადამიანმა ღვთიური წიგნების აღიარებამდე, შუამავლების უნდა ირწმუნოს, რომელთაც ეს წიგნები გაედმოევლინათ.

შუამავლები გულწრფელი, სანდო, ერთგული, ჭკვიანი, გონიერი, ცოდვებისგან დაცული პიროვნებები არიან. ისინი, ხალხს ალლაჰის აიათებს უკითხავენ, ღვთიური წიგნის კანონებსა და წესებს ასწავლიან, ერთი ღმერთის აღიარებისკენ მოუწოდებენ და სიავესა და ბოროტებას უკრძალავენ. უეჭველად, შუამავალთა ჯაჭვის ყველაზე ბოლო და ყველაზე ძვირფასი ბეჭედი, მუჰამმედი (ს.ა.ს.) იყო.


11 სურა ნისა, 4/150-151

10